Thursday, August 4, 2016

თეთრი ცხვარი და შავი ცხვარი

იყო და არა იყო რა, ერთ სოფელში საკმაოდ ჭკვიანი და განათლებული კაცი ცხოვრობდა. ამ კაცს ორი ცხვარი ჰყავდა: თეთრი და შავი. სააღდგომოდ დაკვლა გადაწყვიტა, მაგრამ რომელი დაეკლა - თეთრი თუ შავი?

-    თეთრი დავკლა - შავს ეწყინება, შავი დავკლა - თეთრს ეწყინებაო - მსჯელობდა იგი.

რო ვერაფერი მოიფიქრა, სოფლელებს ჰკითხა - თეთრი ცხვარი დავკლა თუ შავიო. პასუხი ვერავინ გასცა. მართლაც, თეთრი რომ დაეკლა, შავს ეწყინებოდა, შავი რომ დაეკლა - თეთრსა. ბოლოს ურჩიეს: ცხრა მთას იქით ქვეყანაში ერთი ბრძენი ცხოვრობს, წადი და იმას ჰკითხეო.
 ჯერ ყოყმანობდა - რა ბრძენი უნდა იყოს ეგეთი, რა უნდა მითხრასო. მერე გადაწყვიტა: მივალ, ვნახავ, ეგებ მართლა რამე მირჩიოსო. ჩაალაგა საგზალი, აჰკიდა ხურჯინი ცხენსა და გაუდგა გზასა. 

იარა, იარა, ცხრა მთა გადაიარა და იპოვა ბრძენი. იპოვა, მაგრამ რად გინდა - მეფის შურიან ვეზირებს დაეჭირათ და სიკვდილით დასჯას უპირებდნენ.

იმ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა მხოლოდ განგების ძალით შეიძლებოდა. ეს ნიშნავს, რომ ქუდში ჩააგდებდნენ ორ ერთნაირ ქაღალდს წარწერებით: ერთზე - „სიცოცხლე“, მეორეზე - „სიკვდილი“ და სიკვდილმისჯილს უნდა ამოეღო ერთ-ერთი. თუ დამნაშავეს შეხვდებოდა ქაღალდი წარწერით „სიკვდილი“, - დასჯიდნენ, ხოლო თუ „სიცოცხლე“ - შეიწყალებდნენ და გაათავისუფლებდნენ. კანონი ამბობდა, რომ თუ ადამიანის მიერ დადანაშაულებული სიკვდილმისჯილი სინამდვილეში უდანაშაულოა, განგება მას უსათუოდ ამოაღებინებსო ქაღალდს წარწერით - „სიცოცხლე“.

ბრძენის მტრებს საქმე ისე მოეწყოთ, რომ ორივე ქაღალდზე „სიკვდილი“ ეწერა, ასე, რომ, რომელიც არ უნდა ამოეღო, ბრძენი მაინც სიკვდილით დაისჯებოდა. ცხვრების პატრონი ფიქრობდა, რომ ბრძენს უნდა მოეთხოვა ქუდში ჩაგდებულ ქაღალდებზე წარწერების შემოწმება, თუმცა, წარწერა რომც გაესწორებინათ და ერთ ქაღალდზე „სიცოცხლე“ დაეწერათ, უდანაშაულო ბრძენს მაინც ბრმად უნდა ამოეღო ერთ-ერთი ქაღალდი, ამიტომ სიკვდილით დასჯის საშიშროება დიდი იყო. 

ბრძენმა იცოდა მისი მტრების ვერაგობა და ის, რომ ორივე ქაღალდზე „სიკვდილი“ ეწერა, მაგრამ ქაღალდების შემოწმება არ მოუთხოვია. მან ისეთი რამ მოიფიქრა, რაც სიკვდილს უეჭველად გადაარჩენდა.
ამოიღო თუ არა ქუდიდან ქაღალდი, სასწრაფოდ დაჭმუჭნა, ჩაიდო პირში და უცბად გადაყლაპა. ატყდა ერთი ჩოჩქოლი და ალიაქოთი. რაღა უნდა ექნათ? დიდხანს იმსჯელეს, დიდხანს იდავეს, მერე ამოიღეს ქუდიდან მეორე ქაღალდი და მასზე ეწერა „სიკვდილი“. ასე, რომ ბრძენს „სიცოცხლე“ გადაუყლაპავს.
რაღას იზამდნენ, გაათავისუფლეს ბრძენი.

ძალიან მოეწონა ცხვრების გაოგნებულ პატრონს ბრძენის გონებამახვილობა და მის მიმართ პატივისცემითა და სიმპათიით განიმსჭვალა. მოვუყვები ჩემი ცხვრების ამბავს და როგორც მირჩევს, ისე მოვიქცევიო - გაიფიქრა.
 ცოტა ხნის მერე თავისი გასაჭირი მოუყვა:

-         ერთი დიდი პრობლემა მაქვს გადასაჭრელი და რჩევისათვის მოვედიო.
-         თუ შევძლებ, სიამოვნებით დაგეხმარებიო - უპასუხა ბრძენმა.
-     ორი ცხვარი მყავს - თეთრი და შავი. სააღდგომოდ ერთი უნდა დავკლა, ოღონდ რომელი - არ ვიციო. თეთრი დავკლა - შავს ეწყინება, შავი დავკლა - თეთრსაო. მირჩიე რამე, როგორ მოვიქცეო.
-        ოოო! ეგ ადვილი საქმე არ არის, ერთი დღე უნდა დამაცადოო.
-        კარგიო. მიუგო სტუმარმა.

მეორე დღეს ბრძენმა უთხრა: ეგ ისეთი ძნელი საქმე დაგმართნია, მე ვერ დაგეხმარები. მეზობელ ქვეყანაში ერთი კაცი ცხოვრობს, ჩემზე ჭკვიანია, იქნებ იმან გიშველოსო. გადაუხადა მადლობა სტუმარმა მასპინძელს და გასწია მეზობელი ქვეყნისაკენ.

მეორე ბრძენი სასამართლოში იპოვა. თურმე იმ ქვეყნის მოსამართლე ყოფილა და მასწავლებლის სარჩელს არჩევდა მოსწავლის მიმართ. საქმე კი შემდეგში იყო:

მასწავლებელმა და მოსწავლემ ხელშეკრულება დადეს, რომ ადვოკატობის ხელოვნება ესწავლებინა. ხელშეკრულების თანახმად, მოსწავლეს მასწავლებლისთვის გასამრჯელო მაშინ უნდა გადაეხადა, როცა გამოირკვეოდა, რომ ის დაეუფლა ადვოკატობის ხელოვნებას, ე.ი. როგორც კი სასამართლოში პირველ საქმეს მოიგებდა.
მასწავლებელმა სწავლების კურსი დაასრულა და ელოდებოდა, როდის მიიღებდა მოსწავლისაგან გასამრჯელოს, მაგრამ მოსწავლე სრულიადაც არ ჩქარობდა სასამართლოში ვინმეს დასაცავად გამოსვლას. მასწავლებელი დიდხანს ელოდა და როცა გასამრჯელოს მიღების იმედი გადაეწურა, უჩივლა სასამართლოში.

მოსარჩელე ამბობდა: „ბატონო მოსამართლევ, თქვენ როგორც გენებოთ, ანუ, როგორც სამართლიანად ჩათვლით, ისე გადაწყვიტეთ ეს საქმე. თუ საქმეს მოვიგებ და სასამართლო მოსწავლეს გასამრჯელოს ანაზღაურებას მიუსჯის, ხომ კარგი, მაგრამ თუ წავაგე, ე.ი. საქმე მოსწავლემ მოიგო, მასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, მე მისგან გასამრჯელო უდავოდ მეკუთვნის“.
მოსწავლეს კი მასწავლებლის საქმე უიმედოდ მიაჩნდა. ეტყობოდა, რომ მასწავლებლის შრომას ტყუილად არ ჩაევლო, თუმცა მოსწავლეს სინდისთან პრობლემები ჰქონდა, რასაც მასწავლებელი ვერ ასწავლიდა. იგი სხვანაირად მსჯელობდა: „ბატონო მოსამართლევ, თუ საქმეს მოვიგებ, ესე იგი, სასამართლო დაადგენს, რომ ჩემს მასწავლებელს გასამრჯელო არ ეკუთვნის, სასამართლოს დადგენილების საფუძველზე არაფერს გადავიხდი, ხოლო თუ წავაგებ, მაშინ, არც ერთი საქმე მოგებული არ მექნება და, ხელშეკრულების თანახმად, მაინც არაფერს გადავიხდიო“.

მოკლედ, მოსარჩელეც თავის სასარგებლოდ ასაბუთებს საქმეს და მოპასუხეც. გაოცებული ცხვრების პატრონი ბევრს ფიქრობდა, მაგრამ ვერაფერი გაეგო - თითქოს ერთიც მართალი იყო და მეორეც, მაგრამ ორივე როგორ უნდა ყოფილიყო მართალი, როდესაც ერთის სიმართლე მეორისას გამორიცხავდა? ბრძენი მოსამართლეც გასაჭირში ჩავარდა. განაჩენის გამოცხადება მეორე დღისთვის გადადო.

იმ საღამოს ცხვრების პატრონი მოსამართლეს შინ ეწვია, მაგრამ თავისი გასაჭირის შესახებ არაფერი უთქვამს. ჯერ უნდოდა გაეგო, როგორ გადაწყვეტდა იგი მასწავლებელ-მოსწავლის საქმეს.
-      „ბატონო მოსამართლევ, ვხედავთ, რომ მასწავლებელს დიდი შრომა გაუწევია და მოპასუხისათვის უსწავლებია, გასამრჯელოს კი ვერ იღებს. როგორი გადაწყვეტილების მიღებას აპირებთ?
 მოსამართლეს გამოსავალი უკვე ნაპოვნი ჰქონდა, და ეს გამოსავალი სრულიად არ ეწინააღმდეგებოდა მასწავლებელ-მოსწავლეს შორის დადებულ ხელშეკრულებას. ამასთან, იგი მასწავლებელს საშუალებას აძლევდა, თავისი გასამრჯელო მიეღო. მან ცხვრების პატრონს მაშინვე უპასუხა:
-       მასწავლებელს სარჩელზე უარი უნდა ეთქვას, რადგან მოსწავლეს ჯერ არც ერთი საქმე არ მოუგია და გასამრჯელოს გადახდის პირობა არ არის შესულებულიო.
-   სტუმარს გაუკვირდა - მერე რა გამოვა, მასწავლებელი გასამრჯელოს როგორ მიიღებსო?
-      ჰოდა, ადგეს მასწავლებელი და მეორედ უჩივლოს, მოსწავლეს ხომ თავისი პირველი საქმე უკვე მოგებული ექნებაო. 

ეს რა ადვილი ყოფილაო - გაიფიქრა გაოგნებულმა სტუმარმა და ბრძენის მიმართ ნდობითა და სიმპათიით განიმსჭვალა. ცოტა ხნის მერე თავისი გასაჭირი მოუყვა:
-      ორი ცხვარი მყავს - თეთრი და შავი. სააღდგომოდ ერთი უნდა დავკლა, ოღონდ რომელი - არ ვიციო. თეთრი დავკლა - შავს ეწყინება, შავი დავკლა - თეთრსაო. მირჩიე რამე, როგორ მოვიქცეო.
-         ოოო! ეგ ადვილი საქმე არ არის, ორი დღე უნდა დამაცადოო.
-         კარგიო. მიუგო სტუმარმა.

მესამე დღეს ბრძენმა უთხრა: ეგ ისეთი ძნელი საქმე დაგმართნია, მე ვერ დაგეხმარები. მეზობელ ქვეყანაში ერთი კაცი ცხოვრობს, ჩემზე ჭკვიანია, იქნებ იმან გიშველოსო.

გადაუხადა მადლობა სტუმარმა მასპინძელს და გასწია მეზობელი ქვეყნისაკენ.

იპოვა მესამე ბრძენი, ის ეზოში იდგა, იქვე თავისი აქლემი მიება და სხვა მთხოვნელების საქმეს არჩევდა. მეორე მხარეს კი 17 აქლემი იყო თავმოყრილი.

მთხოვნელები სამი ძმა იყო, რომლებისთვისაც მამას მემკვიდრეობად ეს 17 აქლემი დაუტოვებია. მამის სიკვდილის შემდეგ შვილებს აქლემები შემდეგნაირად უნდა გაენაწილებინათ: უფროს შვილს უნდა რგებოდა ჯოგის ნახევარი, საშუალოს - ჯოგის მესამედი, ხოლო უმცროსს - ჯოგის მეცხრედი. ამავე დროს, სავალდებულო იყო, რომ აქლემები ცოცხლადვე დაენაწილებინათ.

დაასაფლავეს შვილებმა მამა და შეუდგნენ ქონების გაყოფას, მაგრამ ვერ შეძლეს. ჯერ ერთი, 17 მთელად არც ორზე იყოფა, არც სამზე და არც ცხრაზე, მერე მეორეც, რომც გაიყოს, ანუ, წილადებიც რომ მივიღოთ მხედველობაში, განაყოფების ჯამი 17-ს არ იძლევა.
 ბევრი დავის შემდეგ, როდესაც აქლემები ვერ გაყვეს, ძმებმა ბრძენს მიმართეს და ახლა მის გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ.

ბრძენმა გამოიყვანა თავისი აქლემი, ძმების 17 აქლემს შეურია და უფროს ძმას უთხრა, აქლემების ნახევარი მიეღო. უფროსმა ძმამ 9 აქლემი გამოიყვანა და ცალკე დააყენა. ამის მერე საშუალო ძმამ თავისი 6 აქლემი წაიყვანა, ხოლო უმცროსმა -  2 აქლემი.
 სამივე ძმა კმაყოფილი იყო, თვითონ ბრძენს კი თავისი აქლემი დარჩა.

ძალიან მოეწონა ცხვრების გაოგნებულ პატრონს ბრძენის გონებამახვილობა და მის მიმართ პატივისცემითა და სიმპათიით განიმსჭვალა. მოვუყვები ჩემი ცხვრების ამბავს და როგორც მირჩევს, ისე მოვიქცევიო - გაიფიქრა.
 ცოტა ხნის მერე თავისი გასაჭირი მოუყვა:

-         ერთი დიდი პრობლემა მაქვს გადასაჭრელი და რჩევისათვის მოვედიო.
-         თუ შევძლებ, სიამოვნებით დაგეხმარებიო - უპასუხა ბრძენმა.
-     ორი ცხვარი მყავს - თეთრი და შავი. სააღდგომოდ ერთი უნდა დავკლა, ოღონდ რომელი - არ ვიციო. თეთრი დავკლა - შავს ეწყინება, შავი დავკლა - თეთრსაო. მირჩიე რამე, როგორ მოვიქცეო.
-         შავი დაკალიო. უთხრა ბრძენმა.

გაოცებულმა სტუმარმა დიდხანს ხმა ვერ ამოიღო, მერე ენის ბორძიკითა და აკანკალებული ხმით ჰკითხა:

-         მერე, თეთრს რომ ეწყინებაო!!!?
-         ეწყინოს, მერე რაო. მიუგო ბრძენმა.

ჭირი იქა, ლხინი აქა. ქატო იქა, ფქვილი აქა.


No comments:

Post a Comment