იყო
და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ხელმწიფე - დიდებული, გონიერი,
უხვი და მოწყალე. სიბრძნითა და სიკეთით მართავდა ქვეყანას. კარგი ხელმწიფე დღედაღამ
საქვეყნო საქმეშია ჩართული და ხალხზე ზრუნვით არ იღლება, თუმცა ჩვენს ხელმწიფეს საქვეყნო
საქმეები სანდო და მცოდნე ხალხისთვის ჰქონდა მინდობილი, თვითონ კი იშვიათად ერეოდა,
უზრუნველად ცხოვრობდა და დროს ატარებდა.
ხელმწიფეს
ჭკუითა და გონებით გამორჩეული ბრძენი ვეზირი ჰყავდა, რომელსაც რჩევას ყოველთვის ეკითხებოდა,
თუმცა, გადაწყვეტილებას თვითონ იღებდა. ვეზირი ხელმწიფის მსახურებაში დაბერებულიყო.
იგი მეფის ყველაზე ახლობელი ადამიანი იყო, შეიძლება ითქვას, მეგობარიც კი.
ერთხელ
მეფე და ვეზირი დიდი გობიდან ბალსა ჭამდნენ. ვეზირი თავის წინ აგროვებდა კურკებს, მეფეც
ვეზირის წინ ყრიდა.
ჭამას
რომ მორჩნენ, მეფემ კურკების გროვაზე მიუთითა და გაეხუმრა:
- ვეზირო,
ეს რა ღორი ყოფილხარ, რამდენი ბალი გიჭამიაო!
- მეფეო,
ღორი ის არის, ვინც ბალს კურკებიანად ჭამსო! - მოსწრებულად უპასუხა ვეზირმა.
ასე
იყვნენ მეფე და ვეზირი შეხუმრებულები, ხშირად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ჭადრაკის, დომინოს,
ნარდის თამაშში.
ერთხელ
მეფემ მოწყენილობისაგან ჭადრაკის დაფაზე დომინოს ქვების დალაგება დაიწყო. დომინოს ერთი
ქვა ზუსტად ორ უჯრედს ფარავდა. 64-უჯრედიან დაფაზე ყველა უჯრედის დასაფარად დომინოს
32 ქვა იყო საჭირო, მაგრამ დომინოს კომპლექტი სულ 28 ქვისაგან შედგება. ადგა მეფე,
ერთი დიაგონალის უჯრედები გადახაზა და დარჩენილ 56 უჯრედზე სცადა დომინოს ქვების დალაგება
ისე, რომ ყველა უჯრედი დაეფარა. დიდხანს იწვალა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
დომინოს
ქვები რომ ვერ დაალაგა, იფიქრა: დაფის ერთი ნახევრიდან მეორეზე რომ ვერ გადავდივარ,
ალბათ იმის ბრალიაო და გადაწყვიტა, ამოცანა გაემარტივებინა: მხოლოდ ორი უჯრედი დატოვა
გადახაზული და იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ როგორ განეთავსებინა დანარჩენ უჯრედებზე დომინოს
31 ქვა.
ამჯერადაც
არაფერი გამოუვიდა, ადგა და ვეზირს სთხოვა დახმარება. ორივემ ერთადაც ბევრი იწვალა,
მაგრამ ჭადრაკის დაფა დომინოს ქვებით ვერ დაფარეს. ამის შემდეგ ამოცანა, თავიანთი აზრით,
კიდევ უფრო გაამარტივეს და აკრძალული უჯრედები დიაგონალის ბოლოებში განათავსეს. ამანაც
არ უშველა. თითქოს მოჯადოებულიაო, ბოლოს მაინც იჭედებოდნენ და უჯრედებს დომინოს ქვებით
ვერ ფარავდნენ.
სხვა ვეზირებიც დაიხმარეს, მეფემ საქვეყნოდ გამოაცხადა და ჯილდოც კი დააწესა ამოცანის
ამომხსნელისათვის, მაგრამ მთელ სახელმწიფოში არავინ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც დაფაზე
დომინოს ქვებს სრულად დაალაგებდა.
ერთხელ
მეფე და ვეზირი მდინარეზე თევზაობდნენ. საზოგადოდ, მეფეები დიდი ამალით სანადიროდ დადიან
ხოლმე, თუმცა ჩვენს ხელმწიფეს თევზაობა უფრო უყვარდა. თავისუფალ დროს მისი ერთ-ერთი
თავშესაქცევი სწორედ ბადის გადაგდება და თევზის ჭერა იყო.
მეფემ
და მისმა ვეზირმა შუადღემდე ვერაფერი დაიჭირეს, ნაშუადღევს კი, სწორედ იმ დროს, როდესაც
წასვლა გადაწყვიტეს, უცბად ბადეს ულამაზესი ოქროს თევზი ამოჰყვა. მიუხედავად იმისა,
რომ მზიანი დღე იყო და ნათელი იდგა, თევზმა ყვითელი შუქით კიდევ უფრო გაანათა იქაურობა.
მეფე
და ვეზირი ჯერ კიდევ ტკბებოდნენ მისი მშვენიერებით, როდესაც ოქროს თევზმა ადამიანური
ხმით დაილაპარაკა და ხელმწიფეს შეეხვეწა:
- ოღონდ გამიშვი და ერთ
სურვილს შეგისრულებო.
- იმ
გლეხუჭა ბერიკაცს რომ სამი სურვილი შეუსრულე, მეფეს მხოლოდ ერთს რატომ აკადრებო!?
- უთხრა ვეზირმა.
- ეს
მეფეა და ყველაფერი აქვს, ერთი სურვილიც ეყოფაო - უპასუხა თევზმა.
ლაპარაკში
მეფე ჩაერია და თქვა:
- მაშინ
ჩემი ერთი სურვილი ასეთი იქნება: „ყველა სურვილი შემისრულდეს, რასაც კი ვინატრებო!“
- აჰ,
ეგრე არაო! - გაიცინა თევზმა. ერთი რამე კონკრეტულად ინატრე და იმას შეგისრულებო.
- კარგიო
- უთხრა მეფემ - მაშინ შენ თუ დომინოს 31 ქვას დაალაგებ საჭადრაკო დაფაზე ისე, რომ
ყველა უჯრედი დაფაროს, გაგიშვებო - და ჭადრაკის დაფა უჩვენა, რომელსაც ერთი დიაგონალის
ბოლოებზე თითო უჯრედი ჰქონდა გადახაზული.
თევზი
ჯერ დაფიქრდა, მერე გაიღიმა და უთხრა:
- მაგ
სურვილს ვერ შეგისრულებო.
- რატომაო?
- გაუკვირდა მეფეს.
- საქმე
იმაშია - უთხრა თევზმა - დომინოს ქვა დაფაზე ორ მოსაზღვრე უჯრედს იკავებს. აქედან ერთი
აუცილებლად თეთრია, მეორე - აუცილებლად შავი, რადგან მოსაზღვრე უჯრედებს სხვადასხვა
ფერი აქვს. რამდენი დომინოს ქვაც არ უნდა დადო დაფაზე, თეთრი და შავი უჯრედები ყოველთვის
ტოლად დაიფარება. ამიტომ, იმ შემთხვევაში, როდესაც დაფაზე თეთრი და შავი უჯრედები თანაბარი
რაოდენობით არ არის, მაგალითად, 32 თეთრი უჯრედია და 30 შავი, დომინოს ქვებით დაფის
ყველა უჯრედის დაფარვა შეუძლებელი იქნება: როდესაც 30 დომინოს ქვა განთავსდება 60 უჯრედზე,
დარჩება ორი თეთრი უჯრედი. თეთრი უჯრედები ერთმანეთის მოსაზღვრე არ არის და ვერც დომინოს
ქვა დაიდება მათზე.
მეფეს
ისე მოეწონა ამდენი ხნის ნაწვალები თავსატეხის პასუხი, რომ სიხარულისაგან დაავიწყდა,
თევზს რომ ჯერ მისი სურვილი არ შეესრულებინა, ხელი ღონივრად გაიქნია და მდინარეში მოისროლა.
თევზმა ტანი შეარხია და გაცურა. მერე ისევ ამოიყურყუმელავა, წყლიდან თავი ამოყო და
მეფეს შესძახა:
- მადლობა, დიდო მეფეო! ერთი სურვილის შესრულება ჩემზეა,
როცა კარგად მოიფიქრო, აქ მოდი და მნახავო!
ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.
No comments:
Post a Comment