Wednesday, August 3, 2016

ობოლი, მეთევზე, რაინდი და ქოსატყუილა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი საბრალო ობოლი, უქონელი და უყოლელი. სიკვდილის წინ მამამ დაუბარა: ცხრა მთას იქეთ ციხე-ქალაქია, იქ ერთი რაინდი ცხოვრობს, წადი, მოძებნე და მასთან იმეგობრე, ოღონდ ფრთხილად იყავი, ქოსატყუილას არ გადაეყარო, თორემ აუცილებლად მოგატყუებსო.

-         როგორ გავიგო, ქოსატყუილა რომელიაო? ჰკითხა ობოლმა მამას.
-     დაუკვირდი, სამჯერ ზედიზედ თუ მოიტყუა, ქოსატყუილა იქნება, იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები სამჯერ ზედიზედ ვერც სიმართლეს ამბობენ და ვერც იტყუებიანო.

ჩაალაგა ობოლმა გუდაში საგზალი და რაინდის საძებნად გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ცხრა მთა გადაიარა და მიადგა ციხე-ქალაქს.
ამ ციხე-ქალაქში ერთი რაინდი იყო, რომელიც თავისი სიმართლით ალალად და პატიოსნად ცხოვრობდა. რომ მოგეკლა, ტყუილს ვერ ათქმევინებდი. ამავე ქალაქში ცხოვრობდა ქოსატყუილა, რომელსაც სულ ტყუილებით გაჰქონდა თავი. რომ მოგეკლა, სიმართლეს ვერ ათქმევინებდი.
დანარჩენი - ჩვეულებრივი ხალხი იყო - ხან მართალს ამბობდნენ, ხან - ტყუილს.

ქალაქს მაღალი და ქონგურებიანი კედელი ჰქონდა შემოვლებული, მის გარშემო კი დიდი არხი იყო გათხრილი, რომელსაც ვერავინ გადალახავდა. შესასვლელად არხზე გადებული ხიდის გადავლა იყო საჭირო, რომელიც ალაყაფის კართან მიდიოდა. ქალაქში უცხო ადამიანებს საერთოდ არ უშვებდნენ. ხიდის თავში იდგა მცველი და უცხო მომსვლელს მისთვის რაიმე წინადადება უნდა ეთქვა. თუ წინადადებაში გამოთქმული აზრი მართალი იყო, მომსვლელს თავს აჭრიდნენ, ხოლო თუ ტყუილი - მაშინ ჩამოახრჩობდნენ. სწორედ ამიტომ იყო, რომ ქალაქში ვერავინ შედიოდა და მისი მაცხოვრებლები თავიანთი მოსაწყენი ცხოვრებით მშვიდად და წყნარად ცხოვრობდნენ.

დაღონდა ჩვენი ობოლი. რა უნდა ექნა? იფიქრა, იფიქრა და ბოლოს მოიფიქრა. მივიდა მცველთან და უთხრა:
-      შენ მე ჩამომახრჩობო.
მცველმა ჩამოხრჩობა დაუპირა, მაგრამ თუ ჩამოახრჩობდა, გამოდის, რომ ობოლს მართალი უთქვამს, ამისათვის კი თავის მოჭრა ეკუთვნოდა. თავის მოჭრა რომ დააპირა, აღმოჩნდა, რომ თუ თავს მოაჭრიდა, ობლის ნათქვამი ტყუილი გამოდგებოდა, ტყუილისათვის კი ჩამოხრჩობა ეკუთვნოდა.
რაღას იზამდა მცველი, ვერც ჩამოახრჩო, ვერც თავი მოაჭრა, ადგა და შეუშვა ობოლი ციხე-ქალაქში.

დადიოდა ობოლი ქალაქში და ყველა შემხვედრს ეკითხებოდა:
-         შენ რაინდი ხომ არა ხარო?
-         კიო - პასუხობდა ყველა.
ვერაფერს ხვდებოდა ობოლი. შემხვედრი რომ მართლა რაინდი ყოფილიყო, „კი“-ს ეტყოდა, მაგრამ იქნებ ქოსატყუილა იყო? ის ხომ მოიტყუებოდა და ისიც აუცილებლად „კი“-ს იტყოდა? ამ დროს, შეიძლება, სულაც, ჩვეულებრივი ადამიანი იყო და იტყუებოდა - რაინდი ვარო.

ბოლოს, როგორც იქნა, ერთმა მეთევზემ შეკითხვაზე: შენ რაინდი ხომ არა ხარო?
-         არაო - უპასუხა.
გაეხარდა ობოლს, მაგრამ კარგად რომ დაფიქრდა, მიხვდა, რომ მეთევზე ჩვეულებრივი ადამიანი იყო. არადა, რა მიხვედრა უნდოდა - რაინდი რომ ყოფილიყო, არას ხომ არ ეტყოდა, ტყუილი გამოვიდოდა. არც ქოსატყუილა იქნებოდა - ქოსატყუილა აუცილებლად ტყუილს ეტყოდა: კიო, რაინდი ვარო.

მოკლედ, ამდენი წვალების შემდეგ, ძლივს ისეთი ადამიანი გაიცნო, რომელზედაც დანამდვილებით შეეძლო ეთქვა, რომ იგი არც რაინდი იყო, არც ქოსატყუილა - ჩვეულებრივი ადამიანი იყო.
ამის გარდა, ობოლი დარწმუნდა, რომ პირდაპირი შეკითხვით რაინდს ვერ იპოვიდა და ღრმად დაფიქრდა. იქნებ ასეთი კითხვა დაესვა:
-         შენ ქოსატყუილა ხარო?
ან კიდევ:
-         შენ ჩვეულებრივი ადამიანი ხარო?
ამ კითხვებზე ან „ჰოს“ ეტყოდნენ, ან „არას“, მაგრამ, ბევრი იფიქრა და დაასკვნა, რომ ვერც ერთ შემთხვევაში ზუსტად ვერ მიხვდებოდა, რაინდი იყო თუ არა მოსაუბრე. ვისაც არა სჯერა, შეუძლია შეამოწმოს. განსაკუთრებით უშლიდა ხელს ის ამბავი, რომ ჩვეულებრივ ადამიანს ტყუილიც შეეძლო ეთქვა და მართალიც, ამიტომ, ნებისმიერი მსჯელობის შემდეგ ყოველთვის რჩებოდა ვარიანტი, რომ მოსაუბრე ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილიყო. 

მეორე დღეს ობოლი ტბაზე ჩავიდა საბანაოდ. დაინახა, სამი კაცი თევზაობდა. ერთი მათგანი მისი ნაცნობი მეთევზე აღმოჩნდა.
-      აი, ესენი ამბობენ, რომ რაინდები არიანო! - უთხრა მეთევზემ ობოლს და თავის მეგობრებზე მიუთითა.
-       ეჰ, ყველა ეგრე ამბობს, მაგრამ მე ვერ გავიგე, ვინ არის სინამდვილეში რაინდიო - თქვა ობოლმა, მაგრამ გადაწყვიტა, ბედი მაინც ეცადა.

-         შენა ხარ რაინდიო? - ჰკითხა იმ ორიდან ერთ-ერთს.
-         კიო - უპასუხა მან.
-         ეს კაცი ჩვეულებრივი ადამიანიაო? - მიუთითა ობოლმა თავის ნაცნობ მეთევზეზე.
-         არაო, უპასუხა „რაინდობის კანდიდატმა“.
-         აბა, რაინდიაო?
-         კიო - ისევ უპასუხა „რაინდობის კანდიდატმა“.

ობოლმა დათვალა და აღმოაჩინა, რომ ამ „რაინდობის კანდიდატმა“ სამი ტყუილი თქვა ზედიზედ, გაახსენდა მამის ნათქვამი და დარწმუნდა, რომ ესა ყოფილა ქოსატყუილა.
ამ აღმოჩენით გახარებულმა ობოლმა ქოსატყუილას მეორე „რაინდობის კანდიდატზე“ მიუთითა და ჰკითხა:
-         ეს არ არის რაინდიო?
-         არაო - უპასუხა ქოსატყუილამ.
ეხლა კი დარწმუნდა ობოლი, რომ ეს მეორე ნამდვილად იყო რაინდი, ხელი ჩამოართვა და თავისი თავგადასავალი მოუყვა. ქოსატყუილა ხმის ამოუღებლად გაიძურწა იქედან.

ობოლი და რაინდი დაძმობილდნენ. მეორე დღეს ერთად ჩამოვიდნენ ტბაზე საბანაოდ. შორიდანვე შეამჩნიეს, რომ თავიანთი ნაცნობი მეთევზე ამჯერად მარტო თევზაობდა. მოილაპარაკეს: მოდი, გავაშაყიროთო. ობოლმა თქვა: ახლოს რომ მივალთ, შევეკითხები:
-       ჰა, როგორ არის საქმე, იჭერ თუ არა თევზსაო. ის გვიპასუხებს: ან „კი“, ან „არაო“, სხვა ვარიანტი არ არსებობსო.
-     ჰოდა, თუ „არას“ იტყვის, უთხარი, შენ რა მეთევზე ხარ, თევზაობა არა გცოდნია-თქო, ხოლო თუ „კის“ იტყვის, უთხარი - არიფებს ყოველთვის უმართლებს-თქო - დაარიგა რაინდმა. 

მოკლედ, მეგობრებმა ყველა ვარიანტი გათვალეს და, თავის თავში დარწმუნებულები, რომ მაგარი ხუმრობა მოიგონეს და კარგად გამხიარულდებოდნენ, მეთევზეს მიუახლოვდნენ. ობოლმა ჰკითხა:
-         ჰა, როგორ არის საქმე, იჭერ თუ არა თევზსაო.
მეთევზე ნაწყენი იყო ობოლზე, რომ ის არ აირჩია მეგობრად, ამიტომ, ერთი ცერად ამოხედა და კბილებში გამოსცრა:
-         წადი, შენიო..!

არ გამოუვიდათ მეგობრებს თავიანთი ხუმრობა, მაგრამ მიხვდნენ, რომ ცუდად მოიქცნენ და მასაც მეგობრობა შესთავაზეს. ამის შემდეგ სამივენი განუყრელი მეგობრები გახდნენ.

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.


No comments:

Post a Comment