იყო და არა იყო რა, იყო ორი პინგვინი -
დედალი და მამალი. პინგვინების ქვეყანაში საკმაოდ დაფასებული და პატივსაცემი
ოჯახი ჰქონდათ.
დედალს ტასიკო ერქვა, მამალს - ვასიკო.
დედალი ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ კაი მეტიჩარა და ტუტუცი ვინმეცა ბრძანდებოდა. ხასიათით,
ცოტა არ იყოს, თავის სეხნიას - ბატი ტასიკოს წააგავდა. მამალი კი ჭკვიანი იყო - პინგვინების
ასპინგვინიანი პარლამენტის წევრიც გახლდათ და პარლამენტის სხდომებსაც სისტემატურად
ესწრებოდა.
ერთხელ, ერთ-ერთი ასეთი სხდომიდან დაბრუნებულმა,
ტასიკოსთან დაიწუწუნა:
- რა ეშველება ამდენ უპატიოსნო ხალხსო - პარლამენტის
წევრებს გულისხმობდა.
- მე კი ვიცი, რომ ერთი წესიერი და პატიოსანი
პინგვინი მაინც არის პარლამენტშიო - ამაყად თქვა ტასიკომ.
- მთელი უბედურება იმაშია, რომ ამ ჩვენს პარლამენტში
ყოველი ორი პინგვინიდან ერთი მაინც უპატიოსნოაო.
ამ გაუგებარმა და ქარაგმულად ნათქვამმა
წინადადებამ ტასიკო დააბნია. წესიერი და პატიოსანი პინგვინი რომ ვასიკო იყო, ამაში
ორივე თანხმდებოდა, მაგრამ ტასიკოს ვერ გაეგო, კიდევ რამდენი წესიერი იყო პინგვინების
პარლამენტში.
ვასიკომ
უფრო გასაგებად აუხსნა:
- მეორე პატიოსანიც რომ იყოს პარლამენტში,
მაშინ ამ ორს ავიღებდით და „ყოველი ორიდან - ერთი მაინც უპატიოსნო“ აღარ გამოვიდოდაო!
- ესე იგი, დანარჩენი პარლამენტარებიდან არავინ
არის წესიერი!? - გაიოცა ტასიკომ.
- სამწუხაროდ, არაო - უპასუხა ვასიკომ.
რა თქმა უნდა, ასეთი საუბრების შემდეგ ვასიკოს
პარლამენტში დიდხანს არ გააჩერებდნენ და, მართლაც, ცოტა ხნის შემდეგ დაითხოვეს. ტასიკო
პინგვინმა კი ბუდეში ორი მოზრდილი თეთრი კვერცხი დადო და კრუხობა დაიწყო. პარლამენტიდან
დათხოვნილი ვასიკო ტასიკოს ეხმარებოდა. ისინი მორიგეობით იჯდნენ კვერცხებზე. როცა დედა იჯდა,
მამალი საკვებს შოულობდა, შემდეგ - დედას ენაცვლებოდა.
სამწუხაროდ,
ვასიკოს მხოლოდ წესიერება ტასიკოს ამბიციებს ვერ აკმაყოფილებდა. პარლამენტიდან გამოგდების
შემდეგ ტასიკომ ნელ-ნელა გული აიყარა მასზე, კვერცხებზე ჯდომაც მობეზრდა და გადაწყვიტა,
სამოთხეში წასულიყო. ვასიკომ უთხრა:
- სამოთხეში
როგორ წახვალ, იქ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ შეიძლება მოხვედრაო!
- არაო!
სიკვდილს სად ვუცადო, მე სიცოცხლეში მინდა სამოთხეო!
ჰო ვამბობდი, ტუტუცი იყო-მეთქი. რომ არ
დაიშალა, ვასიკომ სამხრეთისაკენ მიუთითა და უთხრა: აქეთ კილომეტრს გაივლი, შემდეგ
აღმოსავლეთით - კილომეტრს, მერე - ჩრდილოეთისკენ მოტრიალდები, ისევ ერთ კილომეტრს გაივლი
და სამოთხის კარიბჭესთან მიხვალო.
წაბაჯბაჯდა ეს ჩვენი ტასიკო პინგვინი და
ზუსტად ისე იარა, როგორც ვასიკომ დააბარა. გაიარა თითო კილომეტრი - ჯერ სამხრეთით,
შემდეგ - აღმოსავლეთით, შემდეგ - ჩრდილოეთით და... ჰოი, საოცრებავ!.. ისევ თავის ბუდეს
მიადგა.
- აი,
აქ არის შენი სამოთხეო! - უთხრა ვასიკომ და ახლადგამოჩეკილი პინგვინი უჩვენა. მეორეც
მალე გამოიჩეკება და ამათ მიხედე, მე კი წავალ და საჭმელს მოვიტანო.
ნეტავ, სად შეიძლება მდებარეობდეს ტასიკოს
„სამოთხე”?! ჩრდილოეთ
პოლუსზე პიგვინები არ არიან!
No comments:
Post a Comment