Tuesday, August 2, 2016

კომბლეს ცხვრები და სამი გოჭი


ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,
ჭალას ჩიტი მომკვდარიყო,
მაღლა ვდე - გამხმარიყო,
ჩამოვიღედამბალიყო;
დიდ ქვაბში არ ეტეოდა,
პატარაში ლაღად იყო,
ასმა კაცმა ვერ შეჭამა,
ერთი კაცის ლუკმა იყო.

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ერთ სოფელში ერთი ალალ-მართალი, ჭკვიანი და გამრჯე კაცი ცხოვრობდა. კომბლებსა თლიდა და ჭერში აწყობდა, ამიტომ ხალხი კომბლეს ეძახდა.

კომბლეს ჰყავდა ორი ცხვარი. როცა წამოიზარდნენ, კომბლემ გადაწყვიტა, ცხვრები საძოვარზე მარტო გაეშვა.
-  გზაჯვარედინამდე პირდაპირ იარეთო - უთხრა. გზაჯვარედინზე გინდ მარცხნივ წადით, გინდ მარჯვნივ, ორივეგან მშვენიერი მინდორია და კარგად დანაყრდებითო. მხოლოდ პირდაპირ არ წახვიდეთ, თორემ იქ დიდი ტყეა და შეიძლება მგელმა შეგჭამოთო.

გზაჯვარედინზე ცხვრებმა ნახეს, რომ ავტობუსი დადიოდა. მარცხნიდან მარჯვნივ ავტობუსი ზუსტად ათ წუთში ერთხელ გამოივლიდა ხოლმე. ასევე ზუსტად ათ წუთში ერთხელ დადიოდა ავტობუსი მარჯვნიდან მარცხნივ. მივიდოდნენ ცხვრები გზაჯვარედინამდე, დაელოდებოდნენ ავტობუსს და რომელიც პირველი გამოჩნდებოდა, იმაში ჯდებოდნენ. ასე, რომ ხან მარცხენა მინდორში ბალახობდნენ, ხან - მარჯვენაში.

გავიდა დრო და ცხვრებმა აღმოაჩინეს, რომ მარჯვენა მინდორში უფრო ხშირად ბალახობდნენ, ვიდრე მარცხენაში. კომბლეს ჰკითხეს, რატომ შეიძლება ეს ასე იყოსო. კომბლემ უთხრა:
-  ეგ ალბათ შემთხვევით ხდებაო.
-  არაო, ცხვრებმა უთხრეს, ჩვენ დავთვალეთ და ყოველი ათიდან დაახლოებით ცხრაჯერ მარჯვენა მინდორში ვხვდებით, ერთხელ კი - მარცხენაშიო, ამხელა შემთხვევითობა როგორ იქნებაო.
მაშინ კომბლემ უფრო დაწვრილებით გამოჰკითხა ყველაფერი, ისიც დაადგინეს, რომ ცხვრები გზაჯვარედინთან სულ სხვადასხვა დროს მიდიოდნენ: ხან - ადრე, ხან - გვიან; გაიხსენეს, როდის სად მოუწიათ ბალახობა და დაასკვნეს, რომ, მართლაც, ყოველი ათი შემთხვევიდან ცხრაჯერ მარჯვენა მინდორში ხვდებოდნენ, ერთხელ კი - მარცხენაში.
ბევრი იფიქრა კომბლემ, მაგრამ ვერ მიხვდა, თუ რატომ შეძლებოდა ეს ასე მომხდარიყო.

ერთხელ, როდესაც კომბლე რამდენიმე დღით სხვაგან იყო წასული, ცხვრებმა გადაწყვიტეს, გზაჯვარედინზე პირდაპირ ევლოთ და ენახათ, იქ რა იყო. იარეს, იარეს და მიადგნენ ქვის სახლს. ეს სახლი ნაფ-ნაფის აშენებული იყო და მასში სამი გოჭი ცხოვრობდა: ნაფ-ნაფი, ნიფ-ნიფი და ნუფ-ნუფი. თუმცა, რაღა გოჭები, თითქმის ბურვაკები გამხდარიყვნენ. პატარა გოჭები ზამთარში იყვნენ, როდესაც მგელმა სული შეუბერა და ნიფ-ნიფსა და ნუფ-ნუფს ლერწმისა და ფიჩხისაგან აგებული სახლები დაუნგრია.

ეხლა სამივენი ერთად ცხოვრობდნენ. ნიფ-ნიფსა და ნუფ-ნუფს ძველი სახლებიდან მხოლოდ ბოქლომები დარჩენოდათ. თავისი ბოქლომი ნაფ-ნაფსაც ჰქონდა, თუმცა, სამივე ბოქლომს მხოლოდ თითო გასაღები ჰქონდა, ამიტომ ბოქლომებს ვერ იყენებდნენ. ყველა რომ გასულიყო და სახლი ბოქლომით დაეკეტათ, სხვებზე ადრე შინ ამ ბოქლომის პატრონი უნდა დაბრუნებულიყო, თორემ სხვები სახლში ვერ შევიდიოდნენ.
-  თქვენი კომბლე კომბლებს რომ თლის და ჭერში აწყობს, ბოქლომის გასაღების ასლებსაც ხომ ვერ გაგვიკეთებსო? - ჰკითხეს გოჭებმა ცხვრებს.
-  არ სჭირდება ამ საქმეს ჩვენი კომბლეო - ღიმილით უპასუხეს ცხვრებმა.
მართლაც, ერთმა ცხვარმა გამოართვა ნიფ-ნიფს მისი ბოქლომი, გაუყარა კარის ჩარჩოს ყურში და ჩაკეტა. კარი ისევ თავისუფლად იღებოდა და იხურებოდა. მეორე ცხვარმა გამოართვა ნუფ-ნუფს მეორე ბოქლომი, გაუყარა ზედ კარზე დამაგრებულ მეორე  ყურში და ჩაკეტა. კარი ჯერ კიდევ თავისუფლად იღებოდა და იხურებოდა. ამის შემდეგ ნაფ-ნაფს თავად გააყრევინეს მისი ბოქლომი ამ ორ ბოქლომში და ჩაკეტეს. კარი საიმედოდ დაიკეტა. გამოვიდა ბოქლომებისაგან გაკეთებული ჯაჭვი. ახლა რომელი გოჭიც არ უნდა დაბრუნებულიყო პირველად, შეეძლო თავისი გასაღებით თავისი ბოქლომი გაეღო, რითაც ამ ჯაჭვის ერთი რგოლი გაიხსნებოდა და კარიც გაიღებოდა.

გოჭებს ისე მოეწონათ ცხვრების გონიერება, რომ დაიტოვეს და თავის ქვის სახლში აცხოვრებდნენ. თანაც, მთელ ტყეს მოსდეს მათი საზრიანობის ამბავი. ცხოველები მოდიოდნენ და ცხვრებს რჩევას ეკითხებოდნენ.

ცხვრებმა გოჭებს ძალიან საინტერესო თამაში ასწავლეს, რომელშიც დუელი იმართებოდა, ოღონდ ორს კი არა, სამ მოწინააღმდეგეს შორის. ერთმანეთს რიგ-რიგობით ბურთს ესროდნენ და ვისაც მოხვდებოდა, ის „კვდებოდა“, ანუ, თამაშიდან გადიოდა. თამაშის დაწყებამდე კი კენჭს ყრიდნენ, რათა გაერკვიათ, ვინ პირველი ისროდა და ვინ - მეორე.

უფრო ზუსტად, თამაშის წესები ასეთი იყო:
სამივე მოთამაშე ერთმანეთისაგან ტოლ მანძილზე გაუნძრევლად იდგა ისე, რომ სამკუთხედს ქმნიდნენ. ბურთიანი მოთამაშე თვითონ ირჩევდა, თუ ვისთვის ესროლა ბურთი. თამაში მაშინ მთავრდებოდა, როდესაც მხოლოდ ერთი მოთამაშე დარჩებოდა „ცოცხალი“.

ბურთის სროლაში ყველაზე გაწაფული ნუფ-ნუფი იყო, რომელიც ათიდან ათს არტყამდა მიზანში. ამაზე იტყვიან, „ტყვიას ტყვიაში აჯენსო“. ნიფ-ნიფი საშუალოდ ათიდან რვას ახვედრებდა, ხოლო ნაფ-ნაფი - ათიდან ექვსს.

ჰოდა, როგორ ფიქრობთ, ვინ უფრო ხშირად იგებდა ამ თამაშს? ნუფ-ნუფი, რომელიც  ყველზე კარგად ისროდა? სრულიადაც არა! თამაშს ყველაზე ხშირად ნაფ-ნაფი იგებდა! მართალია, სხვებზე ცუდად ისროდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ყველაზე ჭკვიანი იყო!
დიახ, დიახ, მთავარი კარგად სროლა კი არ არის, არამედ მთავარია ჭკუა!!!

არ გჯერათ? მაშინ ვნახოთ, როგორ გაიმარჯვა ნაფ-ნაფმა პირველ თამაშში. კენჭისყრით ნაფ-ნაფს პირველი სროლა ერგო. მეორედ ნიფ-ნიფი ისროდა, ბოლოს კი - ნუფ-ნუფი.
თქვენ გგონიათ, ნაფ-ნაფმა იმიტომ გაიმარჯვა, რომ კენჭისყრამ გაუმართლა? სრულიადაც არა. მან საერთოდ არ გამოიყენა პირველი სროლის უპირატესობა. ადგა ეს ჩვენი ნაფ-ნაფი და ბურთი მაღლა ააგდო, ისე, რომ არავის მოხვედროდა.
ჯერი ნიფ-ნიფისა იყო. მას დიდი საშიშროება ელოდა ნუფ-ნუფისაგან, რომელიც, თუ ცოცხალი დარჩებოდა, ნიფ-ნიფს აუცილებლად მოკლავდა, ამიტომ, რა თქმა უნდა, ნუფ-ნუფს ესროლა, მაგრამ ააცილა. ამის შემდეგ ნუფ-ნუფის ჯერი დადგა. ნუფ-ნუფმაც ორი მოწინააღმდეგიდან „მოსაკლავად“ უკეთესი მსროლელი აირჩია, ნიფ-ნიფს გაარტყა და თამაშიდან გამოთიშა.
დარჩნენ ორნი - ნაფ-ნაფი და ნუფ-ნუფი.  სროლის ჯერი ნაფ-ნაფისა იყო. ესროლა ნაფ-ნაფმა ნუფ-ნუფს, გაარტყა და გაიმარჯვა.

ჰო ვამბობდი, მთავარი კარგად სროლა კი არ არის, არამედ მთავარი ჭკუაა-მეთქი!!! ამის შემდეგაც ამ თამაშში ყველაზე ხშირად ნაფ-ნაფი იმარჯვებდა ხოლმე.

ამასობაში კომბლე შინ დაბრუნდა, მაგრამ ცხვრები არ დახვდა. ერთი-ორი დღე იცადა, გამოჩნდებიან მალეო, და რომ არ გამოჩნდნენ, გაიდო კომბალი მხარზე და მათ საძებრად წავიდა.

გზაჯვარედინთან დასვენება გადაწყვიტა და იქვე ქვაზე ჩამოჯდა. თან ფიქრობდა, საით წასულიყო. სანამ კომბლე ისვენებდა, ჯერ მარცხნიდან ჩაიარა ავტობუსმა, ხოლო ერთი წუთის შემდეგ - მარჯვნიდან. გავიდა კიდევ ცხრა წუთი და ავტობუსი ისევ მარცხნიდან მოვიდა, ხოლო ერთი წუთის შემდეგ - მარჯვნიდან. ახლა კი მიხვდა კომბლე, თუ რატომ ხვდებოდნენ ცხვრები მარჯვენა მინდორზე უფრო ხშირად. ყოველი ათი წუთიდან მხოლოდ ერთი იყო მარჯვნიდან მომავალ ავტობუსზე მოხვედრის შანსი, დანარჩენი ცხრა წუთი კი მარცხნიდან მომავალ ავტობუსზე მოდიოდა!

გაუხარდა კომბლეს, ასეთი რთული პრობლემა რომ ადვილად გადასაწყვეტი აღმოჩნდა და ამ აღმოჩენის თავისი ცხვრებისთვის გაზიარება მოუნდა, მაგრამ ცხვრები არსად სჩანდნენ, ამიტომ კიდევ უფრო დაღონდა. იფიქრა, მგლებმა ხომ არ შემიჭამესო და გზაჯვარედინზე პირდაპირ დაადგა გზას.

იარა, იარა და მიადგა გოჭების სახლს. კარებზე რომ ჯაჭვად გადაბმული სამი ბოქლომი დაინახა, ეჭვმა გაჰკრა, ეს ჩემი ცხვრების მოფიქრებული ხომ არ არისო, დაჯდა და დაუწყო ლოდინი. პირველად ნიფ-ნიფი გამოჩნდა. კომბალზე მიხვდა, რომ ეს კაცი კომბლე იქნებოდა და თავაზიანად მიესალმა. მერე მოუყვა, თუ როგორ დაუმეგობრდნენ გოჭები კომბლეს ცხვრებს და როგორ ატარებდნენ დროს ერთად.
ნიფ-ნიფმა გახსნა კარის ჩარჩოს ყურში გაყრილი თავისი ბოქლომი, გამოაძრო და კარი გააღო, კომბლე შეიპატიჟა. ცოტა ხანში სხვა გოჭებიც მოვიდნენ, მალე ცხვრებიც გამოჩნდნენ. ისინი სიხარულით, მაგრამ, ამავე დროს, დარცხვენილნი შეხვდნენ თავიანთ პატრონს. თავს დამნაშავედ თვლიდნენ ტყეში უნებართვოდ წასვლის გამო.

კომბლეს კი უხაროდა, რომ ცხვრები ცოცხალი და საღ-სალამათი ნახა და საყვედურიც არ უთქვამს მათთვის. გოჭებს მადლობა გადაუხადა და თავისი ცხვრები სახლში წამოიყვანა. მანამდე კი ავტობუსების ამბავიც მოუყვა ხუთივეს.

ამის შემდეგ გოჭები და კომბლეს ცხვრები ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთს. თამაშობდნენ, ერთობოდნენ და ხანდახან თავსატეხ ამოცანებსაც ხსნიდნენ.

No comments:

Post a Comment