ეს სადღეგრძელო მამაჩემისაგან მაქვს მოსმენილი და მეხსიერებით აღვიდგინე.
მსგავსი ტექსტი ხალხური პოეზიის ანთოლოგიაშიც არის, ინტერნეტშიც მოვძებნე, სადაც „კახური
დალოცვა“ ჰქვია. ეს სამი ვარიანტი განსხვავდება ერთმანეთისაგან, ამიტომ მეხსიერებით
აღდგენილში ზოგი რამ შევცვალე, ცოტაც დავუმატე და რაც გამოვიდა, ეს არის:
აბა, როგორც ჩვენი მამა-პაპა იტყოდა ხოლმე:
ღმერთო, შენა სწყალობდე
აქ მბრძანებელს ყველასა,
გაჭირვებულს ჰბრალობდე,
არ აკლებდე შველასა.
დაილოცოს ეს სახლი -
საძირკველი, ჭერი.
საცერი და ვარცლი,
ფილაქანი, სხვენი.
დაილოცოს
კერა,
მის
შამყურე ყველა.
ეს
ჩარექა - მენა,
ალავერდი
- შენა.
შეგვეწიოს:
სამას სამოცდა ხუთი წმინდა გიორგი,
ღვთისმშობელი,
ღვთის ხატი,
დამლოცველი მღვდლის მადლი...
ღმერთმა იმდენ ხანს გვაცოცხლოს,
სანამ
კუ კურდღელს დაეწეოდეს,
კაპუეტს - კოდალა;
სანამ ვირი ნალბანდობდეს,
ჯორი ხარაზობდეს,
ცხენი ხაბაზობდეს,
დათვი ჯამბაზობდეს და
აქლემი ყომარბაზობდეს.
მანამდე არაფერი გეტკინოთ, სანამ:
მელია დიაკვნობდეს,
მგელი გუთნითა ხნავდეს,
ინდაური ადვოკატობდეს,
ბატი სამართალს გასწევდეს,
პეპელა ტოლმასა სჭამდეს,
ჭიანჭველა ხმალს შემოიკრავდეს და საომრად გასწევდეს.
ღმერთმა მოგვცეს:
ჯანი მრთელი,
გული მხიარული,
ხელში ჭიანური,
ზაფხულში წვიმა,
ზამთარში თოვლი,
ჯიბეში ფული,
ბეღელში პური,
მარანში სავსე ჭური.
ღმერთმა აგვივსოს სახლები - შვილითა, შვილიშვილითა, მტერი დაგვემარცხებინოს
- ვეზიდებოდეთ ვირითა!
კარგად ბრძანდებოდეთ!
შენიშვნა: ყოვლადწმინდის
შემდეგ სადღეგრძელო აღარ ისმევა!!!
No comments:
Post a Comment